,,ზარალი იმდენად დიდია, რომ ამის დათვლა შეუძლებელი იქნება"- ,,ლილო მოლი“

ზარალის მასშტაბი გამოჩნდება გახსნის შემდეგ, თუმცა ის იმდენად დიდია, რომ ამის დათვლა შეუძლებელი იქნება - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

გიორგი კვალრაცხელია ამბობს, რომ მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ, აღარ დარჩათ კითხვები - ხომ არ გადაიწევს ბაზრობების გახსნის თარიღი კიდევ.

„ამ ეტაპზე, კომუნიკაციის პრობლემა სამთავრობო უწყებებთან არ გვაქვს. ყოველთვის წინასწარ ვგრძნობთ, როგორ გადაწყდება ესა თუ ის საკითხი. ამის მიხვედრაში ჩვენი 30 წლიანი გამოცდილება და ბევრი, გადავლილი ქარტეხილი გვეხმარება. გუშინდელ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ 1-ლი თებერვლის მერე ეს თარიღი არ გადაიწევს. გავიხსნებით რეგულაციებით და ვამატებთ პერიოდულ ტესტირებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი თებერვლიდან ღირსეულად გავიხსნათ და გავაგრძელოთ ფუნქციონირება.

არ მსურს დეტალებში ჩასვლა, თუ რამდენი იზარალა კონკრეტულად კომპანიამ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ,,ლილო მოლზე“ საუბარია 4 000-ამდე მეწარმეზე. ზარალი იმდენად დიდია, რომ ამის დათვლა იქნება შეუძლებელი. თუმცა მჯერა, რომ ერთად დგომით ამასაც გადავიტანთ. ჩვენთან საიჯარო გადასახადზე 70%-იანი შეღავათი გაკეთდა და დარჩენილი თანხის გადავადებებშიც დავეხმარეთ.“-ამბობს კვარაცხელია და იმ შეღავათებზეც საუბრობს, რომელიც მთავრობისგან მიიღეს.

,,შეღავათები რაც გაკეთდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გათვალისწინებულ იქნა ჩვენი მოთხოვნები. აქ საუბარია დღგ-ს ნაწილში დაბეგვრის ბაზად მიჩნევაზე შემოსავლიდან. იცით, რომ ჩვენ ამ პერიოდში შემოსავლის პრობლემა გვაქვს და აქამდე რა წესიც მოქმედებდა, იმით არ ჰქონდა მნიშვნელობა იბეგრებოდი თუ არა. ახლა ეს შეიცვალა და დაბეგვრა ხდება მიღებული შემოსავლიდან, რაც ამ გაჭირვების პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთადერთი რასაც ჩვენ კიდევ ვითხოვთ, ქონების გადასახადის კიდევ ერთხელ 2021 წლის ბოლომდე გადავადებაა“-თქვა, კვარაცხელიამ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი