„სავაჭრო ცენტრები ფართომასშტაბიან ტესტირების ლოკაციებად რომ ვაქციოთ, ამის მექანიზმი და ბერკეტები არ არსებობს“

„სავაჭრო ცენტრები ფართომასშტაბიან ტესტირების ლოკაციებად რომ ვაქციოთ, ამის მექანიზმი და ბერკეტები არ არსებობს,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

„საცალო-სავაჭრო სექტორი, ტურიზმის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია საქართველოში. დარგის კონტრიბუცია ქართულ ეკონომიკაში 10 მილიარდს აღემატებოდა, თუმცა, შარშან ფაქტობრივად 5 თვე დაკეტილები ვიყავით, ხოლო ბოლო ლოქდაუნი, რომელიც 28 ნოემბრიდან დაიწყო, ითვალისწინებდა ცენტრების დაკეტვას დეკემბრის განმავლობაში. საახალწლოდ და 16 იანვრის შემდეგ კი მუშაობის საშუალება უნდა მოგვცემოდა, თუმცა, ეს მოცემულობა შეიცვალა და ისევ კომუნიკაციის პრობლემა იყო, რადგან ეს 1 დღით ადრე გავიგეთ.

„რაც შეეხება ტესტირების საკითხს, დისკუსიის ფორმატში ვართ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იყო შეთავაზება და დავსვით ყველა ლეგიტიმური კითხვა, მათ შორის ის, თუ რატომ უნდა გაწიოს ისედაც დაზარალებულმა კერძო სექტორმა დამატებითი ხარჯი. იქნება კიდევ შეხვედრები ამ და მომავალ კვირას, სადაც შემოგვთავაზებენ საკუთარ ხედვას. იმ 6 მოლში, რომლის სახელითაც ვსაუბრობთ, 17 ათასი ადამიანია დასაქმებული და ვინ უნდა გატესტოს ეს ადამიანები, რა სიხშირით, რა ვადაში - ამაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს და მოლოდინის რეჟიმში ვართ. შეხვედრის ფარგლებში უხეშად ვთქვით - კლიენტურაც ხომ არ გავტესტოთო, მაგრამ რეალურად ამის ადმინისტრირება და მართვის მექანიზმი იმდენად რთული იქნება, რომ წარმოუდგენელია კერძო სექტორმა თავი დამოუკიდებლად გაართვას. როგორც უკვე ვთქვი, კითხვის ნიშნები არსებობს თანამშრომლების გატესტვაზეც. დღევანდელი მოცემულობით სავაჭრო ცენტრები და სივრცეები რომ მოსახლეობის ფართომასშტაბიან ტესტირების ლოკაციებად ვაქციოთ, ამის რეალური მექანიზმი და ბერკეტები არ არსებობს,“-აღნიშნა ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება. ჯერ არ არის ცნობილი რა წესების დაცვით მოუწევთ ობიექტებს მუშაობის განახლება, თუმცა გამოითქვა მოსაზრებები, რომ აუცილებელი იქნება თანამშრომლებისთვის კოვიდ-ტესტირების ჩატარება, ასევე გაკეთდა შეთავაზება ცენტრებში მისული კლიენტების გატესტვაზეც.

თაია არდოტელი