“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, ფასების ზრდა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაციით, რასაც თან ერთვის ლარის გაუფასურება და ქვეყანაში ინვესტიციების მკვეთრი კლება, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა პანდემიის პირობებში.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, მთავრობის სუბსიდირების მიუხედავად, არსებული ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში იყო ქვეყანაში, პირველ რიგში, ურტყამს ფასებს და მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს.
„რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს საქართველოში ამ პერიოდისთვის, არის ძალიან რთული ვითარება ეკონომიკურად, მოსახლეობას ყოველდღე უძვირდება მოხმარების საქონელი, რაც მას აუცილებლად სჭირდება, ყველაზე ელემენტარულიც კი.
ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად არის სტაგნაციაში, ჩვენ ვხედავთ ლარის კურსი რა ნიშნულზეა, შესაბამისად, საქართველოში, სადაც ძალიან ცოტა რამ იწარმოება, ყველაფერი შემოდის უცხოეთიდან, არის იმპორტირებული და ეს ყველაფერი მიყვება დოლარის ფასს, ამას დამატებული ის, რომ ძვირდება გაზი, ელექტროენერგია, და ეს თავისთავად, რაც არ უნდა სუბსიდირება მოხდეს, მაინც გაზრდის ტვირთს მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ქვეყანაში, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ინვესტიციების მკვეთრი კლება, არამარტო პანდემიის დროს, თუმცა პანდემიის პერიოდში დამატებით ეკონომიკის სრული ჩაკეტვა და ბიზნესის გაჩერება, პირველ რიგში ურტყამს ფასებს, ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს და ძალიან ამძიმებს ცხოვრებას”,- განაცხადა წერეთელმა.