,,მაინტერესებს, რა არის განსხვავებული რისკის მატარებელი, ბაკურიანის, გუდაურისა და მესტიის სასტუმროებში, რაც არ არის იგივე ბორჯომში?“- ამის შესახებ ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ ხელმძღვანელი და სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების ქსელის „ლოფტის“ მფლობელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს.
მაია მურაჩაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის განსაკუთრებული რისკი სამთო კურორტებზე, როცა სათხილამურო სპორტი ისედაც დისტანციურია. ბარის სასტუმროები კი ფუნქციონირებას აგრძელებენ.
,,უნდა დავიწყოთ თავიდან. გასულ წელს უწყლობის გამო გუდაურში სეზონი ფაქტობრივად, ჩავარდა. გამოდის, რომ მეორე სეზონია დაკეტილები ვართ. რომელი ბიზნესი გაუძლებს ამას? გარდა იმისა, რომ არ გვაქვს შემოსავლები, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბანკებთან, შესაბამისად, უკვე წელიწად-ნახევარია, ჩვენი სექტორი რთულ მდგომარეობაშია. ახლა კი, ირკვევა, რომ პირველი თებერვლიდანაც შეიძლება არ გავიხსნათ. რბილად რომ ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება არის უცნაური.
სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენება და სათხილამურო სპორტი გარდა იმისა, რომ თავისთავად დისტანციურია, ამას ემატება ეკიპირება, რომლითაც ვირუსის გადადების რისკი აღარ არსებობს. მთავრობა ამბობს, რომ თურმე სასტუმროებში შეიძლება მოხდეს ვირუსის გავრცელება. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, რატომ გვაყენებენ ასეთ არაკონკურენტულ პირობებში, როცა ბორჯომის, კახეთის და ზღვისპირა სასტუმროები, ყაზბეგის სასტუმროები მუშაობენ რეგულაციების დაცვით და ჩვენთან იქნებოდა მხოლოდ ეს პრობლემა?“, - აცხადებს მურაჩაშვილი.
მისივე თქმით, კურორტების დახურვამ ბიზნესის არალეგალურ ჭრილში გადასვლა გამოიწვია, სადაც კოვიდ რეგულაციები უგულებელყოფილია.
,,ამან ბუნებრივად გამოიწვია უკუშედეგი. ბიზნესი გახდა არალეგალური. ქირავდება აპარტამენტები და ჰოსტელები, სადაც რეგულაციების დაცვაზე საუბარი ზედმეტია და არის დიდი თავყრილობები. მაშინ, როცა ჩვენ სასტუმროებში კოვიდ რეგულაციის ყველა წესის დაცვით შეგვეძლო მიგვეღო სტუმრები. მაინტერესებს, რა არის განსხვავებული რისკის მატარებელი, ბაკურიანის, გუდაურისა და მესტიის სასტუმროებში, რაც არ არის იგივე ბორჯომში? ეს სავარაუდოდ, არის გასული წლის ინერცია, როცა კოვიდ გავრცელების პირველ ეტაპზე, საფრანგეთის ერთ-ერთ სამთო კურორტზე მოხდა დიდი ეპიდაფეთქება. მაშინ, ამ ვირუსის შესახებ არაფერი ვიცოდით და არ არსებობდა რეგულაციებიც. ეს მიდგომა არის როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობა, როცა არაერთხელ ანონსდება გახსნა და შემდეგ, რამდენიმე დღით ადრე ვიგებთ, რომ ისევ გადაიდო. ეს ხდება პირველი ივლისიდან მოყოლებული“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება მოლები და ბაზრობები. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მათ შორის სამთო კურორტებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველაფერი არ გაიხსნება.