ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერდა.
„მიმდინარე წლის 13 იანვარს, თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილ იქნა ფიზიკური პირის მიერ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. კერძოდ მოქალაქე, ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში, ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ათეული ადამიანი. ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ერთის მხრივ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა ახალი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.