მსოფლიოს წამყვანმა პრემიუმ-კლასის ავტომობილების მწარმოებლებმა 2020 წლის გაყიდვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. გლობალური პანდემიის გამო, პრემიუმ-კლასის დიდ სამეულში წინა წელთან შედარებით კლება დაფიქსირდა, თუმცა არცთუ ისე დრამატული.
რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, 2020 წელს გერმანულმა ტრიომ, რომელზეც მოდის მსოფლიო პრემიუმ-სეგმენტის თითქმის ნახევარი, ჯამში 6 მილიონამდე ავტომობილი გაყიდა. მათ შორის კი საუკეთესო იყო შტუტგარტული კომპანია Mercedes-Benz.
წინა წლების მსგავსად Mercedes-Benz-მა კონკურენტებს შორის ლიდერობა შეინარჩუნა და ჯამში 2,164,187 ავტომობილი გაყიდა, რაც 2019-თან შედარებით 7,5%-ით ნაკლებია. ამასთან, ამ რიცხვებში არ შედის კომპანიის შემადგელობაში მყოფი smart ბრენდის გაყიდვები (38,391. -67.1%) და ბრენდის კომერციული ავტომობილების გაყიდვები (325,771. -8,9%).
რაც შეეხება მის კონკურენტს და უახლოეს მდევარს BMW-ს, ბავარიელებმა 2020 წელს 2,028,659 ავტომობილი გაყიდეს, რაც 2019-თან შედარებით 7.2%-ით ნაკლებია. ამ მონაცემებში არ შედის მასში შემავალი MINI-ს (292,394. -15.8%) და Rolls-Royce (3,756, -26.4%) გაყიდვები.
ხოლო, სამეულის მესამე წევრის Audi-ის გაყიდვები 2020 წელს 1,692,773 ავტომობილია, რაც წინა წელთან შედარებით 8.3%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საერთო კლებისა, ბრენდებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გაყიდვები.