1885 წლის 23 ივნისს ქალაქ პიტსბურგში, პენსილვანიაში, ენდრიუ კარნეგიმ Curry Commercial-ის კოლეჯის სტუდენტებს მიმართა. კარნეგის ფოლადის კომპანია თავის დროზე უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ინდუსტრიული საწარმო იყო მთელ მსოფლიოში.
მოგვიანებით კარნეგი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა ჯონ დ. როკფელერის შემდეგ. მან თავის გამოსვლაში სახელწოდებით „გზა ბიზნესის წარმატებამდე“ თავის ცხოვრებაზე ისაუბრა და როგორც წარმატებულმა ბიზნესმენმა, აუდიტორიას ეს რჩევა მისცა:
აი, რა არის წარმატების მთავარი პირობა, მისი უდიდესი საიდუმლო: ენერგიის, აზრებისა და კაპიტალის ფოკუსირება მხოლოდ იმ საქმეზე მოახდინეთ, რაშიც ჩართული ხართ. დაიწყეთ ერთი პოზიციიდან, იბრძოლეთ ამ პოზიციაზე, გახდით მასში საუკეთესო, ნებისმიერი გაუმჯობესება გამოიყენეთ და რაც შეიძლება ბევრი ისწავლეთ ამ სფეროში. კომპანიების უმეტესობა წარმატებას ვერ აღწევს, რადგან კაპიტალს ტყუილად ფანტავენ. ეს ნიშნავს, რომ ტვინიც გაფანტული აქვთ. მათ ყველგან და ყველაფერში ინვესტიციები აქვთ ჩადებული. „ყველა კვერცხს ერთ კალათაში ნუ ჩააწყობთ“ – ეს მცდარი გამონათქვამია. მე გეუბნებით, რომ „ყველა კვერცხი ერთ კალათაში ჩააწყოთ და შემდეგ ყურადღება მიაქციოთ“. მიმოიხედეთ გარშემო და დაინახავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, ძალიან იშვიათად განიცდიან წარუმატებლობას. ერთი კალათის ტარება და მოვლა იოლია. ამ ქვეყანაში კვერცხების უმეტესობა იმიტომ იმტვრევა, რომ ადამიანები ერთდროულად ბევრი კალათის ტარებას ცდილობენ.
როგორ შევარჩიოთ კალათა? სწორედ ეს არის გარდამტეხი შეკითხვა.
კარნეგის მარკ ტვენიც ეთანხმებოდა და ამას ასე გამოხატავდა:
წინსვლის საიდუმლო პირველი ნაბიჯის გადადგმაშია. პირველი ნაბიჯის საიდუმლო კი ის არის, რომ დავანაწილოთ საქმე მარტივ და შედარებით ძნელ ამოცანებად და დავიწყოთ პირველი ამოცანის შესრულებით.
როგორ განვსაზღვროთ, რა უნდა იყოს პირველი? დავსვათ გარდამტეხი შეკითხვა.
ცხადია, შენიშნეთ, რომ ეს ორი დიდი ადამიანი მოცემულ რჩევას „საიდუმლოდ“ მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, არა მგონია ეს დიდი საიდუმლო იყოს. ეს ყველამ იცის, თუმცა სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
ბევრს გაუგონია ჩინური ანდაზა: დიდი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყებაო. მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ თუ ეს სიმართლეა, მაშინ არასწორმა პირველმა ნაბიჯმა შეიძლება სასურველი მიზნიდან ძალიან შორს წაგვიყვანოს. სწორად დასმული შეკითხვები დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგათ.
ცხოვრება შეკითხვაა
შეიძლება იკითხოთ, „რატომ გავამახვილო ყურადღება შეკითხვაზე, როცა პასუხები მჭირდება?“ ძალიან მარტივია. პასუხები შეკითხვებიდან მოდის. პასუხის ხარისხი შეკითხვის ხარისხით განისაზღვრება. თუ კითხვას არასწორად დასვამთ, პასუხსაც არასწორს მიიღებთ. სწორ კითხვას დასვამთ, სწორ პასუხს მიიღებთ. დასვით რაც შეიძლება სწორი შეკითხვა და პასუხი თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც შეკითხვების დასმის ძალა განვიცადე. წავიკითხე ლექსი, რომელმაც ჩემზე საგრძნობი გავლენა იქონია და ეს გრძნობა დღემდე თან მდევს.
ჩემი ხელფასი
ჯ. ბ. რიტენჰაუსი
ცხოვრებას საცოდავ გროშებზე გავურიგდი.
ის მეტის გადამხდელი არ იყო.
ყოველ საღამოს ხურდებს ვითვლიდი
და ხელფასის ზრდას ვევედრებოდი.
ცხოვრება ჩვენი დამქირავებელია,
მიიღებთ იმას, რასაც მოსთხოვთ,
თუმცა მას შემდეგ, რაც ხელფასზე შეთანხმდებით,
ნაკისრი საქმე უნდა გააკეთოთ.
ლაქიად ვმუშაობდი,
და მხოლოდ ბოლოს მივხვდი, რომ
ცხოვრება მზად იყო გადაეხადა იმდენი,
რამდენსაც მოვთხოვდი.
ბოლო ორი სტრიქონი განმეორებას საჭიროებს: „...ცხოვრება მზად იყო გადაეხადა იმდენი, რამდენსაც მოვთხოვდი“. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო მომენტი იყო, როცა გავაცნობიერე, რომ ცხოვრება შეკითხვაა და პასუხი კი ის, თუ როგორ ვატარებთ ჩვენს ცხოვრებას. კითხვების ფორმულირება, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამთ, განსაზღვრავს პასუხებს, რომლებიც, საბოლოოდ, ჩვენს ცხოვრებად გადაიქცევა.
თქვენ ერთ შეკითხვას სვამთ: გარდამტეხ შეკითხვას.
ყველა, ვინც არაჩვეულებრივ ცხოვრებაზე ოცნებობს, თანდათან იმ დასკვნამდე მიდის, რომ ერთადერთი არჩევანი ცხოვრებისადმი არაჩვეულებრივი მიდგომაა. გარდამტეხი კითხვის დასმა სწორედ რომ არაჩვეულებრივი მიდგომაა. ცხოვრებაში, სადაც ინსტრუქციები არ გვაქვს, ის არაჩვეულებრივი პასუხების მოსაძებნ ფორმულად წარმოგვიდგება, რასაც გასაოცარ შედეგებამდე მივყავართ.
რა არის ის , რისი გაკეთებაც სხვა ყველაფერს გაამარტივებს ან უსარგებლოს გახდის?
გარდამტეხი შეკითხვის დასმა იმდენად მარტივია, რომ ვინც კარგად არ შეისწავლის, იოლად დაეჭვდება მის ძალაში. თუმცა ეს შეცდომა იქნება. ასეთმა შეკითხვამ შეიძლება მიგიყვანოთ არა მარტო „ფართომასშტაბიანი“ შეკითხვების – სად მივდივარ? რა მიზანი ავირჩიო? – პასუხებთან, არამედ „ვიწრო ფოკუსის“ შეკითხვების – რა უნდა გავაკეთო, რომ იმ გზაზე დავრჩე, რომელიც წარმატებამდე მიმიყვანს? რა არის ჩემი მიზანი? – პასუხებთანაც.
ის არა მარტო იმას გეტყვით, თუ რომელი კალათა უნდა აირჩიოთ, არამედ იმასაც, რა უნდა იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები. ის გაჩვენებთ, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრება და რამდენად ცოტაა საჭირო მიზნის მისაღწევად. ის ფართომასშტაბიანი გზის გამკვალავი რუკა და ვიწრო ფოკუსის მქონე კომპასია, რომელიც შემდეგი მცირე ნაბიჯებისკენ მიგითითებთ.
განსაკუთრებული შედეგები იშვიათად არის შემთხვევითი. ისინი ჩვენი არჩევნისა და მოქმედებების შედეგია. გარდამტეხი კითხვის დასმა გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგებთ და გაიძულებთ წარმატებისთვის გააკეთოთ ყველაზე მთავარი რამ – მიიღოთ გადაწყვეტილება. არა უბრალო გადაწყვეტილება, არამედ საუკეთესო გადაწყვეტილება. ის შესაძლებელს უგულებელყოფს, მაგრამ აუცილებელსა და მნიშვნელოვანზე მიგითითებთ.
მას პირველ დომინომდე მიჰყავხართ.
იმისათვის, რომ მთელი დღის, თვის, წლის ან კარიერის განმავლობაში სწორი კურსი დაიცვათ, მუდმივად უნდა დასვათ გარდამტეხი შეკითხვა. თავს ისევ და ისევ დაუსვით კითხვები. ეს გაიძულებთ ამოცანები მათი მნიშვნელობის მიხედვით დაალაგოთ. ყოველთვის, როცა კითხვას დასვამ, შემდეგ პრიორიტეტს დაინახავ. ამ მიდგომის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ იმ ამოცანებს ასრულებთ, რომლებსაც შემდეგი ამოცანის შესრულებისკენ მიჰყავხართ. როცა პირველ დავალებას სწორად შეასრულებთ, თავიდანვე სწორ დამოკიდებულებას, უნარებს იძენთ და სწორ ურთიერთობებს ავითარებთ. გარდამტეხი შეკითხვის დასმით თქვენი ყოველი სწორი მოქმედება შემდგომი მოქმედების საფუძველი ხდება და ამით თქვენ დომინოს ეფექტის ძალას შეიგრძნობთ.
შეკითხვის ანატომია
გარდამტეხი შეკითხვა ყველა შესაძლო შეკითხვას ერთ შეკითხვაში აერთიანებს: „რა არის ის ერთი რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია, რათა სხვა ყველაფერი უფრო მარტივი ან უსარგებლო გახდეს?“
ნაწილი პირველი: „რა არის ის ერთი რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია . . .“
ეს ფოკუსირებულ მოქმედებას აღვიძებს. „რა არის ის ერთი რამ“ განიშნებთ, რომ პასუხი იქნება ერთი და არა ბევრი. ის კონკრეტულისკენ მიგითითებთ. თავიდანვე განსაზღვრულია, რომ შეიძლება რამდენიმე ვარიანტი გაითვალისწინოთ, თუმცა ამას სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ, ვინაიდან არ გექნებათ ერთზე მეტის არჩევის შესაძლებლობა.
ბოლო ფრაზა „შემიძლია გავაკეთო“ შეიცავს ბრძანებას, რომელიც შესაძლებელი მოქმედებისკენ მიგითითებთ. ხალხს ხშირად სურს ეს შემდეგი ფრაზებით შეცვალოს: „უნდა გავაკეთო“, „შემეძლო გამეკეთებინა“, „გავაკეთებდი“, თუმცა ყველა ვარიანტი არასწორია. ბევრი რამ არსებობს, რაც უნდა, შეგვეძლო ან გვინდოდა გაგვეკეთებინა, თუმცა არასდროს ვაკეთებთ. „შემიძლია გავაკეთო“ ყოველთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი ზრახვები.
ნაწილი მეორე: „. . . იმისათვის, რომ. . .“
ეს ნაწილი მიგითითებთ, რომ პასუხი გარკვეულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს არის ხიდი უბრალოდ კეთებასა და კონკრეტული მიზნით კეთებას შორის. „იმისათვის, რომ“ განიშნებთ, რომ პასუხი ღრმად უნდა ეძიოთ, რადგან, ამ ერთი რამის გაკეთებას სხვა რამე მოჰყვება.
ნაწილი მესამე: „. . . სხვა ყველაფერი უფრო მარტივი ან უსარგებლო გახდეს?“
არქიმედემ თქვა: „მომეცი საკმარისად გრძელი ბერკეტი და მსოფლიოს გადავაბრუნებ“. ბოლო ნაწილი სწორედ ამას გირჩევთ. „სხვა ყველაფერი უფრო მარტივი ან უსარგებლო გახდეს“ – გავლენის ძალის საბოლოო გამოცდაა და ის პირველი დომინოსკენ მიგანიშნებთ. როცა ერთ რამეს გააკეთებ, ყველაფერი, რაც მიზნის მისაღწევად შეგიძლია გააკეთო, უფრო მარტივი ან საერთოდ უსარგებლო შეიძლება გახდეს. უმრავლესობას უჭირს გაგება, რომ ბევრის კეთება არ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სწორი რამის კეთებას იწყებთ. სინამდვილეში, წარმატების მისაღწევად ბევრი რამის კეთება იგივეა, რაც შუქის გამორთვით ოთახში არსებული არეულობისთვის თავის არიდება. ამ კითხვაზე პასუხი ძალისხმევის მაქსიმიზაციასა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
გარდამტეხი კითხვის დასმა პირველი დომინოს პოვნაში გეხმარებათ. მანამ მოახდინეთ მასზე ფოკუსირება, სანამ არ წააქცევთ. როგორც კი ამას შეძლებთ, მის უკან უამრავ დომინოს ქვას დაინახავთ, რომლებიც მზად არიან წასაქცევად ან უკვე წაიქცნენ.
ფრაგმენტი ამოღებულია გარი კელერის წიგნიდან „მხოლოდ ერთი რამ“, რომელიც ქართულ ენაზე პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა.