პოლონეთში მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, „ვაქცინაციის პასპორტს“ მიიღებენ

პოლონეთში მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზას გაიკეთებენ, „ვაქცინაციის პასპორტს“ მიიღებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქე მიიღებს QR-კოდს, რომლის ჩამოტვირთვაც მთავრობის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ელექტრონული პერსონალური ანგარიშიდან იქნება შესაძლებელი.

კოდი ვაქცინირებული ადამიანის ე.წ. პასპორტი იქნება, რომელიც დაადასტურებს, რომ მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს და შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც აცრილ ადამიანებს აქვთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ, ჯანდაცვის მომსახურებით დამატებითი ტესტირების გარეშე ისარგებლონ, და მათ ასევე აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა კოვიდინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დანიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში ქვეყანაში ე.წ. „ვაქცინაციის პასპორტების“ შემოღება იგეგმება.