„საქართველოში, ისე როგორც მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება“ - Cushman & Wakefield

საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება - ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის ანგარიშში, სადაც ტურიზმის სექტორის 2021 წლის მოლოდინებია მიმოხილული.

„სასტუმრო სექტორი პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა. ჯავშნების გაუქმება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მარტის შუა რიცხვებში კი, ქალაქის მასშტაბით ყველა სასტუმრო დაიკეტა. მიუხედავად ამისა, როგორც ბრენდული, ისე არა ბრენდული სასტუმროების მფლობელები სეზონზე 70-90%-იან დატვირთულობას პროგნოზირებდნენ, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ოპერატორთა მოლოდინი არ გამართლდა და სექტორი ურთულეს მდგომარეობაში აღოჩნდა.

ჯავშნების დაუსრულებელმა გაუქმებამ გამოიწვია მრავალი სასტუმროს დახურვა. საერთაშორისო ტურიზმის შეფერხების ფონზე, ტურისტების ყოველთვიური რაოდენობა 50,000-55,000-მდე შემცირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 81%-ით დაბალი მაჩვენებელია. მოცემულ პერიოდში, ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა 5-8%-ებს შორის მერყეობდა, რაც აღნიშული სექტორის პარალიზებას ნიშნავს“, - აღნიშნულია მიმოხოლვაში.

Cushman & Wakefield-ის ანგარიშის თანახმად, სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და ამასთან, კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან. ჩვენი პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება.

„თუმცა არსებობს ტურიზმის სწრაფი აღდგენის გარკვეული მოლოდინიც. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების მიზნით მოგზაურთა წილი საერთო ტურიზმის 40-43%-ია, ბიზნეს ტურიზმის კი მხოლოდ 6-8%. დასვენების მიზნით მოგზაურობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს ტურიზმზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურისტების 70-75% ხმელეთით გადაადგილდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ავიამიმოსვლის ხარვეზების მიუხედავად, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს, კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს“, - წერია კვლევაში.