გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, მათგან 416 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. "დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1529, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 1247, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და 84 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
1 წლის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის 1379, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 803, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 651, წიაღის უკანონო მოპოვების 410, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 135, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 123, სხვადასხვა ლიცენზიანტის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევის 50 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 314 ფაქტია გამოვლენილი.
1 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 2 898 407 ლარი შეადგინა; სამართალდამრღვევების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა 4 მლნ ლარს აღემატება.
2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე შემოსულია 2 798 შეტყობინება, რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.