საარჩევნო სუბიექტებმა 1-ელი სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში 38.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 45% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

კვლევის ფარგლებში შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა 1-ელი სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 38.6 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, აქედან თითქმის ნახევარი (45%) – 17.3 მლნ ლარი მმართველ პარტია, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდიოდა. 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 5.7 მლნ ლარით, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხებს ეხება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ 9 საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც არჩევნებში 1%-ის ოდენობის ხმა მაინც მიიღო, ერთმა სუბიექტმა („გირჩი”) შევსებული ფინანსური დეკლარაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიაწოდა, შესაბამისად, მათივე ცნობით, ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებები ძირითადად ეყრდნობა 8 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციებისა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების ანალიზს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ შემოსავლებთან დაავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ 8 სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10% (3.7 მლნ ლარი) მოდიოდა სახელმწიფო დაფინანსებაზე, 90% (34.9 მლნ ლარი) კი - კერძოზე. სახელმწიფო დაფინანსების მცირე წილი იმით იყო განპირობებული, რომ საანგარიშო პერიოდი არასრულ სამ თვეს წარმოადგენს, სახელმწიფო დაფინანსებას კი პარტია ყოველთვიურად, თანაბარი ოდენობით იღებს, მაშინ როდესაც კერძო დაფინანსების წყაროებიდან თანხების მიღება ძირითადად სწორედ საარჩევნო პერიოდზეა კონცენტრირებული;

„შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჯამში დაახლოებით 33.4 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 15.3 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 46%) მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ მოდიოდა, 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, ხოლო მესამე - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 4.8 მლნ ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში შემცირებულია, კერძოდ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე 28 მილიონზე მეტი ჯამური შემოწირულებიდან 68% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.