ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხებს ეხება.
როგორც ორგანიზაციაში აცახდებენ, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს.
„სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების გაღება. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 544,300 ლარი შესწირეს. შპს ლილო-მოლთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს ბომბორა და ბავშვებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255,000 ლარი შესწირეს;
ცალკე კვლევის საგანი გახდა პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების შემოწირულებები. მართველი პარტიის „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 5% იყო. მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს მაჟორიტარები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი - იურიდიული პირების მიერ.
„როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა. საინტერესოა, რომ აბრამიშვილმა შემოწირულება მას შემდეგ გაიღო, რაც მისმა კომპანიამ მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს ცეკურის, შპს გრავიტას და შპს ჯი-თი ჯგუფის შემთხვევებში. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 17.3 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს. ასევე, ყურადღებას იქცევს შპს არსაკიძე-2000, კომპანია, რომელმაც 2020 წელს 2.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს ლილო-მოლთან - მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან.
„კერძოდ, 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 4.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ კუთხით აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია. ეს კომპანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მოექცა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს მისი მფლობელების მიერ თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს“, - აღნიშნულია ანარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 10%-ა. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია);
„პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც 2020 წლის 1 იანვრიდან პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების დაახლოებით 23%-ა. ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა კანდიდატმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას;
საარჩევნო სუბიექტებიდან საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით ტრადიციულად მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა. „ქართულმა ოცნებამ” 1 მლნ ლარის ოდენობით სესხი „ლიბერთი ბანკისგან“ აიღო“,- აღნიშნულია ანგარიშში.