სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1137 ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 149 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 988 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.