,,თბილისიდან ტრანსკონტინენტალური რეისები შესრულდება“ - ქალაქები, სადაც შესაძლოა, „ეარ ჯორჯიამ“ იფრინოს

თბილისიდან ტრანსკონტინენტალური რეისები შესრულდება, ეს იქნება ახალი მიმართულებები, სადაც პირდაპირი ფრენები არასდროს ყოფილა, არც დამოუკიდებლობის შემდეგ და არც იქამდე“ - ამის შესახებ ,ჰაბ ჯორჯიას“ და ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ მემორანდუმს ხელი მოეწერა, კომპანია იმუშავებს სახელმწიფოსთან ერთად შორი მანძილებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვაზე.

,,მემორანდუმი უკვე გადაგზავნილია და ჩემი ინფორმაციით, 12 იანვარს იყო თათბირიც. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ჩვენს საკითხზე შეხვდა აეროპორტების გაერთიანებას და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და იყო განხილვა ხელის მოწერასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ეხება თბილისის აეროპორტიდან ფრენას. ჩვენ მზად ვართ, როგორც კი გაიხსნება საჰაერო სივრცე დავიწყოთ რეგულარული რეისები. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ თარიღი მაინც გვქონდეს გარკვეული. ჩვენ ვვარაუდოთ, რომ ეს იქნება აპრილ-მაისი, როცა შევძლებთ ფრენის დაწყებას.

ალბათ, ამ კვირის ბოლოს მოეწერება მემორანდუმს ხელი, თუ ეს მოხდება იქნება პირველი ნაბიჯი, ჩვენს შორის ურთიერთობის დაწყების. მეორე ნაბიჯი კი უკვე არის ქუთაისის აეროპორტიდან დაბალ ბიუჯეტური რეისები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნისათვის. მეორე პროექტის საკითხი ჯერ ისევ ღიაა“, - თქვა მან.

კოდუას თქმით, მემორანდუმის გაფორმების შედეგ, ის მზად არის 50 მლნ დოლარის ღირებულების „ეარბასი“ შემოიყვანოს თბილისში.

,,თბილისიდან შესრულდება ტრანსკონტინენტალური რეისები. ეკონომიკას ახლა სჭირდება სწრაფი ამუშავება და ეს ვერ მოხდება მეზობელი ქვეყნების ხარჯზე. ლოკალურ ტურიზმზე მე არ მაქვს გათვლა. ერთადერთი, სადაც არის პანდემიის მიუხედავად უკეთესი სიტუაცია, იმ მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ეს არის იაპონია (ტოკიო), სამხრეთ კორეა (სეული), ჩინეთის. ეს არის შორი რეისები 8-9 საათიანი ფრენით, სადაც აქამდე საქართველოდან პირდაპირი რეისები არ შესრულებულა. მე მზად ვარ ჩამოვიყვანო 50 მლნ დოლარის ღირებულების „ეარბას 330“ და დავსვა თბილისში, რომელიც ქართული დროშის ქვეშ იფრენს. ჩვენ გვინდა, რომ შემოყვანილ ტურისტებთან მიმართებაში სახელმწიფო დაგვიდგეს გვერდით და ჩვენთან ერთად გაუკეთოს ახალ ბაზრებზე საქართველოს რეკლამა. ეს არის დეტალები, რისი თქმაც შემიძლია მემორანდუმთან დაკავშირებით. საუბარია ასევე ნიუ იორკის და მადრიდის რეისებზე. ეს არის ახალი მიმართულებები, სადაც პირდაპირი რეისები არასოდეს ყოფილა, არც დამოუკიდებლობის შემდეგ და არც იქამდე. რა თქმა უნდა, უფრო მარტივი იქნებოდა მეფრინა მოსკოვში ან თელავივში, მაგრამ სარისკო გზა ავირჩიე ჩემი კომპანიისთვის, რაც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს, თუ სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება“.-განაცხადა გიორგი კოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ „ეარ-ჯორჯია“ გეგმავს ფრენების დაწყებას ქუთაისიდან. როგორც გიორგი კოდუა „ბიზნესპრესნიუსთან“ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, თუ სახელმწიფო მას დათანხმდება იგივე პირობებზე, რაც ,,ვიზეარს“ აქვს ქუთაისიდან ,,ეარ ჯორჯიაც“ იგივე ფასით იფრენს.

თამარ მუკბანიანი