დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემეტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დგებუაძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში.
„2021 წლის 18 იანვარს იწყება 2020-21 წლის მეორე სემესტრი. ეს სემესტრი დაიწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურ ფორმატში განახლდება. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებს, სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში. მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ჰიგიენური სანიტარიის კუთხით მხარდაჭერა და ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვა სკოლები. მომზადებული ხვდება ყველა სხვა სკოლა სემესტრის განახლებას და ყველა ეს სკოლა საკლასო ოთახში დაიწყებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა დგებუაძემ.