„მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში, ბრუნვა კი 20%-ით შემცირდება 2019 წლის მონაცემებთან შედარებით“, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დეკემბერში სავაჭრო ობიექტების დახურვამ კიდევ უფრო გაართულა სავაჭრო სექტორის მდგომარეობა.
„როგორც წესი, დეკემბერი ყველაზე აქტიური თვეა სავაჭრო სექტორისთვის და ოპერატორები დიდ იმედებს ამყარებდნენ წინასაახალწლო პერიოდზე. სექტორის აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში, ბრუნვა კი 20%-ით შემცირდება 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. ვვარაუდობთ, რომ საიჯარო მოლაპარაკებები განახლდება და გადასახადებისგან გათავისუფლება, ზოგიერთ შემთხვევაში, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ასევე მოსალოდნელია ფიქსირებული გადახდის პირობების ჩანაცვლება ბრუნვაზე მიბმული გადახდის მეთოდით. ფაქტობრივად, სავაჭრო ცეტრებსა და ობიექტების მფლობელებს მოიჯარეების საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინება და გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ“, - ნათქვამია კვლევაში.