საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ ისევ გაგრძელდება.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის, „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება“, - აღნიშნა დგებუაძემ.