საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

„მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად,“- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით სარგებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე ორშაბათიდან შეეძლებათ.

„დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.