ქით ქროქი - საქართველოს Clean Network-ში გაერთიანება აშშ-სა და ევროკავშირის კერძო სექტორისთვის იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად

საქართველოს Clean Network (უსაფრთხო ქსელების ხაზები)-ის წევრობა თქვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, - ამის შესახებ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ამის თქმის შესაძლებლობას აძლევს კომპანიების შექმნისა და მართვის 30-წლიანი გამოცდილება.

ქით ქროქის განმარტებით, ქსელში გაერთიანებული არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სისკო“, „ეიჩპი“, „ვუჯიცუ“, და სხვა მრავალი.

მისი თქმით, ეს კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ისინი უპირატესობას მიანიჭებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს უსაფრთხოების შესახებ.

„აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამას ტალღისებური ეფექტი აქვს. კომპანიები ეძებენ ადგილებს, სადაც არ ყვავის კორუფცია და Clean Network Lines-ის წევრობა ის ფაქტორია, რომელიც თქვენ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, წაახალისებს მათ, ინვესტიციები განახორციელონ თქვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.