შტატებმა Xiaomi და კიდევ 8 ჩინური კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა

აშშ-მა სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი ჩინური კომპანიები Xiaomi Corp., Advanced Micro-Fabrication Equipment Inc. და კიდევ შვიდი კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

შედეგად, შტატებმა გააფართოვეს იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა აქციებში ამიერიდან აიკრძალება ამერიკელი ინვესტორებისთვის ფულის ჩადება და ამ კომპანიებზე გავრცელდება პრეზიდენტის ნოემბერში გამოცემული განკარგულება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Xiaomi-ის კოტირებამ 9,4%-ით იკლო, მაშინ როცა გასულ წელს ჰონგ-კონგის ბაზარზე მისი კაპიტალიზაცია 2,7-ჯერ გაიზარდა.

ცნობისათვის, ამ კვირას WSJ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები ასევე განიხილავდნენ „შავ სიაში“ ჩინური გიგანტების Alibaba Group Holding Ltd., Baidu Inc. და Tencent Holdings Ltd.-ს შეყვანას, თუმცა სამშაბათს გამართული თათბირის შემდეგ გადაიფიქრეს. უფრო კონკრეტულად კი წყაროს ცნობით, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ ამ წონის კომპანიების „შავ სიაში“ შეყვანა ბაზარზე გამოიწვევდა დესტაბილიზაციას. როგორც ცნობილია, Alibaba და Tencent კაპიტალიზაციის მხრივ ჩინეთის უმსხვილესი კომპანიებია.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კერძო და ინსტიტუციურ კომპანიებს უკრძალავს ინვესტიციების ჩადებას ჩინურ კომპანიებში, რომლებიც თეთრი სახლის მონაცემებით, კავშირში არიან სამხედრო სექტორთან და ჩინეთის სპეცსამსახურებთან. დეკემბერში „შავი სია“ გაფართოვდა და მასში 35 კომპანია მოხვდა. ინვესტორებს მიეცათ ერთი წელი, გაყიდონ საკუთარი აქტივები, რომლებსაც ფლობენ ამ კომპანიებში.

კოკა კვირკველია