კანადურ კომპანიასთან შესაძლო გაერთიანების გამო Carrefour-ის აქციები გაუფასურდა

ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანია Carrefour SA-ს აქციები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა. აღნიშნულის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია კანადურ რითეილერ Alimentation Couche-Tard Inc.თან სავარაუდო შერწყმა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მაგიდაზე დევს „ქვეყნის სასურსათო სექტორის სუვერენიტეტი“ და დასძინა, რომ ერთი შეხედვით ის „ამ შეთანხმებას მხარს არ უჭერს“.

Carrefour-მა და Couche-Tard-მა ორი დღის წინ დააადასტურეს ინფორმაცია, რომ კომპანიების შერწყმის თაობაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. Carrefour -ის განცხადებაში ნათქვამია, რომ Couche-Tard-მა „მეგობრული წინადადებით“ მიმართა და რომ მოლაპარაკებები „ძალიან ადრეულ სტადიაზეა“.

თავის მხრივ, კანადურმა კომპანიამ განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები განსჯის საგანია და ჯერ არაფერია შეთანხმებული. კომპანიის განცხადებაში საუბარია, რომ მოლაპარაკებები არ არის აუცილებელი დასრულდეს შეთანხმებით გაერთიანებაზე.

Carrefour - ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო ვაჭრობის კომპანია. მას 12,3 ათასი სუპერმარკეტი აქვს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. 2019 წელს კომპანიის შემოსავლებმა 80,7 მილიარდი ევრო შეადგინა.

Couche-Tard კი ლიდერია თავის სეგმენტში, კანადის მასშტაბით და ამავდროულად შტატებში უნივერმაღების მართვის უმსხვილესი ოპერატორი კომპანიაა. 2020 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით, Couche-Tard-ის ქსელში იყო 9,261 მაღაზია ჩრდილოეთ ამერიკაში. მას ასევე აქვს მაღაზიები ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც.

კოკა კვირკველია