ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება. როგორც მან covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო გაერთიანებულია „კოლაქს“ პლატფორმაში, სადაც შესაძლებელია, პირველი ეტაპისთვის მიიღოს „ფაიზერის“ ვაქცინა.
„დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ჩვენ შევდივართ კოვიდ 19-ის მართვის ახალ ფაზაში და აქ წამყვანი როლი აქვს ვაქცინას. დღევანდელი საბჭო ეძღვნება ვაქცინის დაგეგმვის შემუშავების დასრულებას. დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის გარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით მოხდა ასევე საკანონმდებლო ინიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ასევე კომპონენტი ვაქცინის შემოტანის კუთხით, ტექნიკური მზაობის ჯაჭვის სრული შესწავლა მოხდა და ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით ასევე დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში. პერსონალის მზაობა და ტრენინგები ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების პროცესში. ვაქცინაციის ჯგუფებთან და პრიორიტეტებთანაც დაკავშირებით საბჭომ იმსჯელა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულია. ჯგუფებთან მიმართებით დამატებითი მოსაზრებები არსებობს, ჯერ კიდევ შესაძლებელია გარკვეული ცვლილების შეტანა. რისკ-კომუნიკაცია, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ როგორ მოხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობა, რათა გაიზარდოს სანდოობა და ზოგადად, ამაღლდეს ცნობიერება, თუ რას ემსახურება ეს ვაქცინაცია, არის თუ არა ის მოსახლეობისთვის უსაფრთხო. რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოყვეს და ასევე, რა სარგებელი შეიძლება მოყვეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის კუთხით.
გვერდითი მოვლენების მართვის მონიტორინგი ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ დოკუმენტში. ეს ყველაფერი დღეს შემუშავებულია. ყოველივე ეს ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან შემდეგ ნაბიჯს. თქვენ იცით, რომ გაერთიანებული ვართ „კოვაქს“ პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ „ფაიზერის“ ვაქცინა. ამ პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს საპასუხო წერილი სამინისტროს მხრიდან, სადაც მათ დეტალურად უნდა გავცეთ პასუხი, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ ვაქცინის შემოტანა მოხდეს. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის 1-ელი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოკუმენტი მათ დააკმაყოფილებს და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაცია მივიღოთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.