Clean Network - ის ინიციატივასთან მიერთება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში 5G ტექნოლოგიების უსაფრთხო დანერგვას. დღეს ჩვენი ქვეყანა, მისი კერძო სექტორი ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის საწყის ეტაპზეა, ამდენად, განვითარების არსებულ ეტაპზე ასეთ გლობალურ ინიციატივასთან მიერთება ხელს შეუწყობს 5G - ის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას და განვითარებას, - განაცხადა მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა.
აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ - ის ინიციატივას, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
უჩა სეთურის განცხადებით, საქართველო, ინიციატივის სხვა 50 ქვეყნის მსგავსად, აღიარებს მაღალი სტანდარტებს კიბერდაცულობის, უსაფრთხოების, მონაცემების გადამუშავებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. მისი თქმით, ინიციატივაზე მიერთებით სარგებელს მიიღებენ ასევე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წარმოდგენილი ბიზნეს ოპერატორებიც, რომლებიც შეძლებენ ბაზარს შესთავაზონ ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული 5G სერვისები.
„5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ. 5G ინტერნეტი განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვა. Clean Network - ის ინიციატივასთან მიერთების შედეგად, დანერგილი ახალი სტანდარტები ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, იყოს დაცული და თავიდან აირიდოს სხვადასხვა საფრთხეები, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადინებისა და მათი დაცულობის მიმართულებით,“ - განაცხადა მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა.