ამირან გამყრელიძე - საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.

ამასთანავე, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ამ შემთხვევაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან, რადგან მისი თქმით, 18 წლამდე ასაკში ვაქცინის კლინიკური კვლევა ჯერ არ განხორციელებულა.

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა დასჭირდება.

„ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებასთან მიმართებით, ასევე სერვისის ღირებულების გათვალისწინებით, თუ რა ეღირება ერთი აცრა, სხვა დამხმარე სამსახურების, როგორიც არის IT სამსახურები, ლოჯისტიკური სამსახურები, ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებთან ერთად ბიუჯეტი ამ წლის განმავლობაში მერყეობს, დაახლოებით, 65 მილიონიდან 170 მილიონამდე, რომ ჩვენ მოსახლეობის 60% ავცრათ,“- განაცხადა გამყრელიძემ.