2020 წელს საქართველოში ყველა სხვა ეკონომიკური მაჩვენებლის კვალდაკვალ შემცირდა ელექტროენერგიის გენერაცია და მოხმარებაც.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის „ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 12 თვის ჯამურმა გენერაციამ 11159.8 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2019 წლის პერიოდთან შედარებით 697 მლნ კვტ/სთ-ით ანუ 5.8%-ით ნაკლებია. მთლიანი გამომუშავება 2019-ში 11856.8 მლნ კვტ/სთს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ მთლიან გენერაციაში თბოსადგურების წილი მცირედით შემცირდა და 2820.8 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ნაცვლად 2019 წლის 2840.4 მლნ კვტ/სთ-სა. ჰესების ნაწილში კი შემცირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. კერძოდ, 2019 წელს ჰესებმა გამოიმუშავეს 8931.7 მლნ კვტ/სთ, 2020 წელს კი 8248.2 მლნ კვტ/სთ. ანუ აქ კლება 683.5 მლნ კვტ/სთ, ანუ 7,6-ია. მცირებით, 84,7 მლნ კვტ/სთ-დან 90.8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა ქართლის ქარის სადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია.
რაც შეეხება მოხმარებას, აქ კლება 5,5%-ს შეადგენს. „ესკოს“ სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს მთლიანი მოხმარება შეადგენდა 12412.6 მლნ კვტ/სთ-ს, 2019 წელს კი 13147.2 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, გასულ წელს ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 734.6 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა.