,,პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამოირჩევა გადაწყვეტილებების სანდოობით“ - რა შედეგი მოაქვს ტურიზმის გახსნის მუდმივ გადავადებას

ზამთრის კურორტების გახსნა კვლავ გაურკვეველ დრომდე გადავადდა. ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი" დამფუძნებელი, ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ეს აზარალებს ბიზნესს და საქართველოს იმიჯს პარტნიორების თვალში.

მისი თქმით, ავსტრიელმა და გერმანელმა პარტნიორებმა პირდაპირ უთხრეს, რომ საქართველო არ გამოირჩევა გადაწყვეტილებების სანდოობით.

,,მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. როცა აგზავნი ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 1-ლი ივლისიდან საზღვრები იხსნება და ქვეყანამ ტურისტები უნდა მიიღოს, ამას ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუგზავნით და უცებ გადაწყვეტილება იცვლება, ეს კარგავს სანდოობის შეგრძნებას პარტნიორების თვალში. იგივე ხდება ახლაც. 9 ჯგუფს ველოდებოდით პირველი თებერვლისთვის მესტიის სასტუმროში გერმანია -ავსტრიიდან, მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამოირჩევა გადაწყვეტილებების სანდოობით. ამიტომ, სანამ რეალურად მოიხსნება შეზღუდვები, აღარ სურთ წინასწარ არაფრის დაგეგმვა.

ტურიზმი არის ის ბიზნესი, რომელსაც დიდი მზადება სჭირდება. ახლა, როცა ისედაც ფორსმაჟორში ვმუშაობთ და კვლავ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ეს ერთის მხრივ გვაზარალებს, მეორეს მხრივ კი გვიკარგავს სახელს პარტნიორების თვალში. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი დასაქმებულები არიან საშინლად ცუდ მდგომაროებაში. 70 ადამიანის სახლში გაშვება მოგვიწია“, - ამბობს მურაჩაშვილი.

მისივე თქმით, ზამთრის კურორტების ჩაკეტვის პირობებში ფუნქციონირება გაუჭირდებათ ავიაკომპანიებს, რომლების რეისებიც აღდგენაც ასევე პირველი თებერვლიდანაა დანონსებული.

,,არის კიდევ ერთი საკითხი. მთავრობამ რომ დააანონსა რეგულარული ფრენების აღდგენა მომავალი თვიდან, ძალიან მაინტერესებს ტურისტების გარდა სხვა ვინ მოფრინავს ზამთარში? გადახედონ 2018-2019 წლის სტატისტიკას. 500 მლნ დოლარამდე კონტრიბუცია მოახდინა ზამთრის ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკაში. თუ ზამთრის კურორტები არ იქნება და შესაბამისად ტურისტები, იძულებული გახდებიან ავიაკომპანიებიც რომ გავიდნენ. ჯაჭვურია რეაქციები და არცერთ გზას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, კარგი შედეგისკენ არ მივყავართ"-განაცხადა ჰოტელიერმა ,,ბიზნესპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება მოლები და ბაზრობები. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მათ შორის სამთო კურორტებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველაფერი არ გაიხსნება.

თამარ მუკბანიანი