როგორ ეხმარებიან მთავრობები მოსახლეობას COVID-19 პანდემიის დროს  - სოციალური დახმარების პაკეტები

მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში კორონავირუსულმა პანდემიამ მსოფლიო ჩიხში შეიყვანა, თითქმის ყველა მთავრობამ დაზარალებულ მოქალაქეებს ფულადი დახმარება გაუწია. ზოგიერთი ფინანსური მხარდაჭერის სქემა უკვე დასრულდა, ნაწილი კი სოციალური პროგრამებს აგრძელებს.

საინტერესოა, როგორი სოციალური პროგრამები შეიმუშავეს სხვადასხვა ქვეყნებმა. გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს:

ინდოეთი: დახმარება საკვებით

ინდოეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ პადემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 260 მილიარდ დოლარს დახარჯავდა. მათ სიღარიბის საწინააღმდეგო პროექტებში, ძირითადად სასურსათო დახმარების სქემებში 22.5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. ხელისუფლებამ უღარიბესი 800 მილიონი ინდოელი საკვებით უზრუნველყო, მათ გადაეცათ მარცვლეული და ფულადი დახმარება.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ბიზნესს პერსონალის შენარჩუნება უბრძანა, ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.

ნოემბერში ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა - ნირმალა სითარამანმა განაცხადა, რომ ეკონომიკის შემდგომი მხარდაჭერისთვის 35,48 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება.

ნიგერია: 13,15 დოლარი თვეში

ნიგერიის მთავრობამ ქვეყნის უღარიბეს მოსახლეობას დახმარების სახით ყოველთვიურად 13,15 აშშ დოლარი დაუნიშნა, გარდა ამისა, ყველაზე დაუცველებს სასურსათო ამანათებიც ერგოთ.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეტი რესურსი ჰქონდა და ვალდებულნი იყვნენ თვითდასაქმებულებისთვისაც გაეწიათ რაიმე სახის დახმარება.

ბრაზილია: 100 დოლარი ერთჯერადად

ბრაზილია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც COVID19 -ით ყველაზე მეტად დაზარალდა.

მარტში სახელმწიფომ ეკონომიკის დასაცავად 150 მილიარდი დოლარი გამოყო (750 მილიარდი რეალი). მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად ქვეყნის ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის დაიხარჯა 8 მილიარდი დოლარი, მათ შორის მოხვდნენ არაფორმალურად და თვითდასაქმებულებიც.

მოქალაქეებს ერთჯერადად 100 აშშ დოლარი გადაეცათ, ასევე მთავრობამ დააფინანსა კომუნალური გადასახადები.

მალაიზია: თვეში 140 დოლარი

მარტში მალაიზიის სახელმწიფომ დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სამი თვის განმავლობაში 140 დოლარი ერიცხებოდათ. მთავრობამ ასევე გაზარდა საზოგადოების უღარიბესი მოსახლეობის მხარდაჭერა, მათ ერთჯერადად 375 აშშ დოლარამდე დაერიცხათ.

5 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ტან შრი მუჰიდდინ იასინმა განაცხადა, რომ იგი ხელფასის სუბსიდირების პროგრამას კიდევ სამი თვით გააგრძელებს. 23 სექტემბერს კი ახალი სტიმულირების პაკეტი გამოვიდა, რომელიც ეკონომიკისთვის 595 მილიონი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს. ხელფასის სუბსიდირებაზე 437 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

კოსტა რიკა: 220 აშშ დოლარი თვეში

კოსტა რიკაში ინფიცირების და დაღუპულთა დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ დაბლოკვამ ლათინო-ამერიკული ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა. დახმარების ოფიციალური სქემა დღემდე არ არსებობს, მაგრამ მთავრობა იმ მოქალაქეებს, ვინც პანდემიის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ყოველთვიურად 220 აშშ დოლარს უხდიდა.

26 ივნისს კოსტა რიკის მთავრობის მხარდასაჭერად, სამუშაო ადგილების დასაცავად და მწვანე ტექნოლოგიების მეშვეობით ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად მსოფლიო ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარი დაამტკიცა.

ჩინეთი: 257 აშშ დოლარი თვეში

ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკისთვის მილიარდები დახარჯა. კორონავირუსის უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად, მთავრობის მხრიდან დაფინანსების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებასა და სესხების გახანგრძლივებაზე გადანაწილდა.

დაზარალებულ მოქალაქეებს კი თვეში დაახლოებით 257 აშშ დოლარი ერგოთ.

სამხრეთ აფრიკა: 400 აშშ დოლარი თვეში

სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ლოკდაუნი განიცადა, რის შედეგადაც მის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა.

მთავრობის გაცხადებით, იგი მზად არის დაასუბსიდიროს ფიქსირებული ხელფასების 60%, მაგრამ ეს თვეში 400 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, რაც საკმაოდ დაბალია. ხელისუფლებამ უღარიბესი მოსახლეობა საკვები ამანათებით და ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყო.

საბერძნეთი: 900 აშშ დოლარი ერთჯერადი დახმარება

საბერძნეთის ხელისუფლებამ 1,7 მილიონ კერძო სექტორის მუშაკებს, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ერთჯერადად 800 ევრო გადასცა. თვითდასაქმებული ბერძნების დასახმარებლად მაისში ევროკავშირის კომისიამ 500 მილიონი ევრო დაამტკიცა.

2020 წლის სექტემბერში მთავრობის მთლიანმა ხარჯმა, რომელიც ყველა სახის სოციალური პროექტებისთვის დახარჯა, 24 მილიარდ ევროს მიაღწია.

იტალია: 900 აშშ დოლარი თვეში

როგორც COVID19 პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულმა ქვეყანამ, იტალიამ მშპ-ს მნიშვნელოვანი ნაწილი პანდემიისგან გამოწვეულ ფინანსურ ვარდნის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა. თავდაპირველად მთავრობამ 12,6 მილიონ დასაქმებულს დახმარების მიზნით ხელფასის ანაზღაურების ფონდი შესთავაზა, რომელიც დაფარავდა პერსონალის ხელფასების 80%-ს 800 ევრომდე ლიმიტით ცხრა კვირის განმავლობაში. 7 აგვისტოს, მთავრობამ გამოაცხადა კიდევ 25-მილიარდიანი ევროს სტიმულირების პაკეტი, რომელიც მოიცავს აღნიშნული გეგმის გაგრძელებას 18 კვირამდე და როგორც ჩანს, სქემა კვლავ გაგრძელდება.

2021 წლის პირველი 18 კვირის დასაფიანსებლად 5 მილიარდი ევრო უკვე გამოყოფილია.

ესპანეთი: თვეში 1,150 აშშ დოლარი

ესპანეთის მთავრობის ERTE სქემით, რაც დაუსაქმებელ პირთა შეღავათებს გულისხმობს, საერთო ჯამში 3,7 მილიონმა მუშაკმა ისარგებლა. 850,000 დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახის დასახმარებლად სახელმწიფომ მრავალმილიარდიანი გეგმა შეიმუშავა.

პროგრამა თითო ოჯახზე ყოველთვიურად გარანტირებულ 1,015 ევრომდე გადასახადს ითვალისწინებს. სქემა 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2021 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.

აშშ: 1800 დოლარამდე ზრდასრულ ადამიანს

ამერიკის უსაფრთხოების ქსელის გათვალისწინებით, მთავრობას სამუშაო ადგილების დასაცავად და მილიონობით ამერიკელის სიღარიბისგან გადასარჩენად სწრაფად უნდა ემოქმედა. სინამდვილეში, პანდემიის პიკზე სამსახური თითქმის 40 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა, რაც აშშ-ში დასაქმებული 157,7 მილიონი ადამიანის თითქმის 25%-ია.

CARES აქტის ფარგლებში დასახმარებლად 2.2 ტრილიონი დოლარი გამოიყო. სტიმულირების პროგრამის გათვალისწინებით 159 მილიონმა ზრდასრულმა დახმარების სახით 1,200 დოლარი მიიღო, უმუშევრებს დამატებით 600 აშშ დოლარი ხვდა წილად. თითოეულ პირს, რომლთა წლიური შემოსავალი 99,000 აშშ დოლარი იყო, 500 დოლარი გადაეცა.

COVID19 დახმარების მეორე პაკეტისთვის, რომელიც დეკემბერში გაფორმდა, 900 მილიარდი დოლარი გამოიყო, რამაც შინამეურნეობებს დამატებით 600 აშშ დოლარი მისცა. უმუშევრებს კვირაში 300 დოლარი ერგოთ. პროექტი 2021 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.

ახალი ზელანდია: 1,520 აშშ დოლარამდე თვეში

პანდემიის დროს, ახალმა ზელანდიამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. მთავრობის პროგრამა COVID-19 სახელფასო სუბსიდირებისთვის, რომელიც თავდაპირველად ივნისამდე იყო გათვალისწინებული, დაქირავებულ თანამშრომლებს და მოქმედ შტატგარეშე სპეციალისტებს კვირაში 380 დოლარს უხდიდა.

ამ სქემის დახურვის შემდეგ, დამქირავებლებისა და თვითდასაქმებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ხელფასის სუბსიდიების გაგრძელების რვაკვირიანი სისტემა. ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს 14% -ით გაიზარდა.

ავსტრალია: 1,040 დოლარი ყოველ ორ კვირაში

ეკონომიკის აღორძინებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით ავსტრალიის მთავრობამ სტიმულირების სხვადასხვა პროგრამები წამოიწყო. დაახლოებით ერთმა მეოთხედმა ადამიანმა ორი კვირის განმავლობაში 1,500 დოლარი მიიღო. JobKeeper გადახდის სქემა 2021 წლის 28 მარტამდე გაგრძელდება.

დანია: თვეში 4,540 აშშ დოლარამდე

როგორც ეს სკანდინავიის სხვა ქვეყნებში ხდება, დანიამ სამუშაო ადგილის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ეფექტური სოციალური პროგრამა განახორციელა.

მთავრობა შეღავათს უკეთებს დამსაქმებლებს და სამი თვის განმავლობაში გასაცემი ხელფასების 75% –დან 90% –მდე სუბსიდირებას ახდენს, რაც 4,540 აშშ დოლარამდე მერყეობს. მეორეს მხრივ, შტატგარეშე და მცირე ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია, რაც დაკარგული შემოსავლის 75% -ის ექვივალენტურია.

გერმანია: თვეში 7 900 აშშ დოლარამდე

სამუშაო ადგილების გადარჩენის მიზნით, გერმანიის მთავრობას აქვს ამოქმედებული "მოკლევადიანი სამუშაო" სისტემა. სქემის მიხედვით, თუ დაქირავებულ მუშაკს მინიმუმ ერთი შვილი ჰყავს, თვეში 6,700 ევრო ეკუთვნის. ასევე სახელმწიფო ანაზღაურებს დაქირავებული მუშახელის ხელფასის 60%-მდე. პროგრამაში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. დახმარების პაკეტი 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა.

თეონა რამაზაშვილი