რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო ტარიფის 50 ევრომდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის საბაჟო ტარიფისა და არასატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტმა მარცვლეულის კვოტირებული მოცულობის ფარგლებში საექსპორტო გადასახადის განაკვეთების გაზრდას მხარი დაუჭირა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეკომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

შესაბამისად, 1-ლი მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, კვოტირებულ ხორბალსა და მესლინზე საექსპორტო გადასახადი 1 ტონაზე 50 ევროთი; 15 მარტიდან 1 ტონა სიმინდზე - 25 ევროთი; ქერზე კი 10 ევროთი განისაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოდ განსხვავდება რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეთავაზებული წინადადებისგან, რომელიც ხორბალზე 45-ევროიან საბაჟო ტარიფის დაწესებას გულისხმობდა.

ამ გადაწყვეტილების მერე ანალიტიკოსებმა უკვე დაიწყეს მარცვლეულის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა. ამრიგად, „რუსაგროტრანსმა“ შეამცირა მთლიანი მარცვლეულის ექსპორტის პროგნოზი 51 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხორბლის - 40 მილიონიდან 38 მილიონ ტონამდე. „სოვეკონმა“ კი ამ დროისთვის საექსპორტო ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40,8 მილიონიდან 36,3 მილიონ ტონამდე შეამცირა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე კვოტის შემოღებას გეგმავს. კვოტირება შეეხება 17,5 მილიონ ტონა მარცვლეულს. რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ბაზრის დასაცავად მიიღო, მთავრობაში იმედოვნებენ, რომ საექსპორტო პროდუქციაზე ფასების ზრდა შეამცირებს ადგილობრივ ბაზარზე მარცვლეულის ფასს.