ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 45 000 განაცხადი დარეგისტრირდა.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, კომპენსაციას მიიღებენ ის პირები, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ, 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი დეკლარაციებით ) და ბ) 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ განახორციელონ დისტანციურად (იანვრიდან ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.
დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა, საქართველოს მთავრობის N 286 დადგენილებაში 2020 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული ცვლილება N 829, და ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159; https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.
კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის დროულად მიაწოდონ უწყებას ზუსტი ინფორმაცია.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
კანონდარღვევის ფაქტის, ე.წ. თაღლითური სქემის გამოყენების ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოგიწოდებთ ყველას დაუყოვნებლივ მოგვმართოთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შესაბამისი საგამოძიებო სამსახური შეისწავლის ყველა ესეთ ფაქტს” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.