"როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს და დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდა, შეგვიძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ"

როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს და დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, შეგვიძლია ვისაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გახსნაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1-ლი თებერვლისთვის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, დაავადების მონაცემებში დადებითი ტენდენციაა.

„უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, დღესაც შემცირდა. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს და ამის მიხედვით მოხდება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება. კარგია ის, რომ მატება არ გვაქვს ანუ დეკემბერში შეზღუდვების შემსუბუქება საკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.