ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყნების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა იანვრის ბოლოს დასრულდება. ანუ პასუხს მივიღებთ იანვრის ბოლოს, შემდეგ „ფაიზერთან“ დაიწყება მოლაპარაკება, ვაქცინის პირველ კვარტალში მისაღებად - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ვაქცინის მისაღებად მზაობის დადასტურების წერილს ორშაბათს გააგზავნის.
„განსჯისა და მოლაპარაკების საგანი კვლავ რჩება „ფაიზერის“ ვაქცინაზე მზაობის დადასტურება. დაანონსდა, რომ ორშაბათს უნდა გავაგზავნოთ მზაობის დადასტურების წერილი, იმისთვის, რომ ვაქცინა პირველ კვარტალში შემოვიდეს. „კოვაქსის პლატფორმა“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და უნისეფ-ი ამოწმებს, რამდენად მზადაა ქვეყანა მიიღოს „ფაიზერის“ ვაქცინა. ანუ აქ არის ორი ფაქტორი, ქვეყნის მზაობა და სურვილი. ქვეყნების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა იანვრის ბოლოს დასრულდება. ანუ პასუხს მივიღებთ იანვრის ბოლოს, შემდეგ „ფაიზერთან“ დაიწყება მოლაპარაკება, ვაქცინის პირველ კვარტალში მისაღებად. რაც შეეხება სხვა ვაქცინას, რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. მექანიზმი ასეთია: ქვეყნებმა, რომლებმაც თავისი საჭიროებისთვის, ვაქცინის გარკვეული რაოდენობა მოიპოვეს, თანახმანი იქნებიან, რომ გარკვეული ნაწილი გაგვიზიარონ ჩვენც, იქნება ეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, თუმცა, ეს მოსალოდნელია წლის მეორე კვარტალში. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდეს ნებისმიერი პროდუქტი, ვაქცინა იქნება თუ რაც იქნება, აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ან განსაზღვრული 35 ქვეყნის მარეგულირებლის მიერ“, - განაცხადა გაბუნიამ.