აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

მათივე ინფორმაციით, ბაქოს მეტრო ჯერჯერობით მუშაობას არ განაახლებს, ძალაში რჩება შაბათ-კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვებიც.

ამასთან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან კლიენტების ადგილზე მომსახურებას განაახლებენ რესტორნები, კაფეები, ჩაის სახლები და კვების სხვა ობიექტები. სავაჭრო დაწესებულები და სილამაზის სალონები კი ქვეყანაში 25 იანვრიდან გაიხსნება. ამავე პერიოდიდან განახლდება ქვეყნის შიგნით, ქალაქებსა და რაიონებს შორის მიმოსვლა.