პროკურატურა კიდევ 1 თანამდებობის პირის საქმეს  სწავლობს

2020 წლის განმავლობაში შესამოწმებლად შერჩეულ 352 თანამდებობის პირიდან მონიტორინგი განხორციელდა 349 დეკლარაციაზე.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშშია მოცემული, შემოწმებული 349 დეკლარაციიდან სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა - 1 საქმე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არ კონკრეტდება, თუ რომელი თანამდებობის პირის მიერ გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში გამოიკვეთა ისეთი ნიშნები, რამაც საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვა გამოიწვია. ანგარიშში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ დეკლარაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირს ეკუთვნოდა.

ამასთან, დადებითად შეფასდა 134 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა - 177; გაფრთხილდა - 29 და მონიტორინგი შეწყდა - 8 თანამდებობის პირზე, რის მიზეზსაც წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ რიგ შემთხვევაში, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადადგომიდან, მისი დეკლარაციის შერჩევამდე, გასული იყო ერთ წელზე მეტი ვადა, თანამდებობის პირი გარდაიცვალა ან თანამდებობის პირთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ ის საცხოვრებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევების გამო 2017-2018-2019 წლებში სამართალდამცავ ორგანოებს ჯამში, 9 პირის საქმე გადაეგზავნა. აქედან, პროკურატურამ 2017 წელს 7 პირის საქმის შესწავლა დაიწყო; თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროკურატურას არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა და რამდენ ხანს გაგრძელდება ამ 7 პირის შესახებ დაწყებული საქმის მოკვლევა. 2018-2019 წელს კი მხოლოდ 1 პირის საქმე გადაეგზავნა შესასწავლად.

ცნობისთვის, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.

თაია არდოტელი