ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის ახალ კლასტერებს საზღვარგარეთიდან ჩასულ მგზავრებსა და იმპორტირებულ გაყინულ პროდუქტს უკავშირებს

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 115 ადგილობრივი გადაცემის შედეგია, საიდანაც 90 ხებეის პროვინციაში, 23 - ხეილუნძიანში, 2 კი - პეკინში გამოვლინდა.

ამასთან, ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 79 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა, რომლის აღრიცხვასაც ქვეყნის მთავრობა ცალკე ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლება ბოლო დროს ქვეყანაში გაჩენილ კლასტერებს ე.წ. „იმპორტირებულ შემთხვევებს“ უკავშირებს.

„2020 წლის დეკემბრიდან კლასტერები გაჩნდა პეკინში, სიჩუანში, ლიაონინში, ხებეისა და ხეილუნძიანში. ისინი ყველა იმპორტირებული შემთხვევების შედეგია, რომლებიც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული მგზავრების ან დაინფიცირიებული გაყინული პროდუქტების შემოტანის გზით მოხვდნენ,“- ნათქვამია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებაში.