5 ფაქტი ჯეფ ბეზოსის შესახებ, რომელიც უმეტესობამ არ იცის

Forbes-ის მონაცემების მიხედვით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონებაც 113 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. (Bloomberg-ის მიხედვით 182 მილიარდი აქვს)

ბეზოსმა Amazon 1994 წელს დააარსა და სულ რაღაც 14 წელში მისი მცირე მაღაზია მსოფლიოში უმსხვილეს ინტერნეტ ჰიპერმარკეტად გადაიქცა.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ცხოვრების შესახებ ხშირად წერენ. თუმცა, არის ფაქტები ბეზოსის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის. BBC ასეთ 5 ფაქტს გთავაზობთ.

ჯეფ ბეზოსი თანატოლებთან შედარებით ყოველთვის უფრო ჭკვიანი იყო

ჯეფი სულ რაღაც 3 წლის იყო, როდესაც ხელსაწყოების მეშვეობით საკუთარი საწოლის შეკეთება შეეძლო. მას სურდა, რომ საკუთარი საწოლი არა ბავშვის, არამედ მოზრდილის მსგავსი ყოფილიყო.

ამასთან, მან ადრეულ ასაკში ისწავლა ელექტრომაღვიძარის შეკეთება. 10 წლის ჯეფმა კი ბებიამისს დაუთვალა, რამდენი ხნით მეტს იცოცხლებდა თამბაქო რომ არ მოეწია.

ბეზოსი ყოველთვის ყურადღებას აქცევს რიცხვებს

Amazon-ის დამფუძნებლისთვის რიცხვებსა და სტატისტიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ამაზონში“ დასაქმებამდე მომავალ თანამშრომლებს ტესტირებას უტარებენ, რითაც მათი მიღება წყდება.

ამასთან, თანამშრომლებს ტესტირების გავლა ხშირად უწევთ. შედეგების გაუარესების შემთხვევაში კი სამსახურიდან უშვებენ.

ჯეფ ბეზოსი გამბედავი ადამიანია და საკუთარი წესები აქვს

როდესაც მან 1994 წელს საკუთარ ავტოფარეხში კომპანია დააარსა, Amaozon-ის მარცხის შანსი 70%-ს შეადგენდა. თუმცა, ბეზოსმა არაერთხელ გარისკა, რამაც გაამართლა. მისი თქმით, რისკის გარეშე წარმატების მიღწევას ვერ შეძლებდა.

კომპანიაში ბეზოსმა საკუთარი წესები დაამკვიდრა. მაგალითად, თანამშრომლები PowerPoint პრეზენტაციებს არასოდეს არ იყენებენ. პრეზენტაციების ნაცვლად ისინი საკუთარ აზრებს ფურცელზე წერენ.

ამასთან, თათბირის დროს ბეზოსს ზედმეტად ბევრი ხალხი არ უყვარს. „მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას იმდენი ადამიანი უნდა ესწრებოდეს, რამდენის გამოსაკვებადაც 2 პიცა საკმარისია“, -აცხადებს ის.

ბეზოსი სხვის აზრს ყოველთვის აქცევს ყურადღებას

საკუთარი წესებით თამაშის მიუხედავად, ბეზოსი ყოველთვის უსმენს გარშემომყოფებს. კომპანიაში გატარებული ცვლილებების დროს თანამშრომლებს შეუძლიათ სპეციალური ველის მეშვეობით მოიწონონ არ უარყოფითი პოზიცია გამოხატონ. ამასთან, მათ ერთამნეთის შეფასების უფლებაც აქვთ.

ბეზოსთან დაკავშირება არც ისე რთულია. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ელექტრონული ფოსტაა Jeff@amazon.com, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიწეროს. ბეზოსი აცხადებს, რომ წერილებს ყოველთვის კითხულობს.

ბეზოსს პოლიტიკოსები ხშირად აკრიტიკებენ

2018 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასახადებისგან თავის არიდება დასდო ბრალად. ამან კომპანიის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა და ბეზოსმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

ბეზოსს ასევე ხშირად აკრიტიკებდა სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც აცხადებდა, რომ „ამაზონში“ დასაქმებულებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. პასუხად ბეზოსმა თანამშრომლებს ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაუზარდა.

ბექა ბერიაშვილი