დღესდღეობით პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს, იაპონიაში კი ეს მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ურბანიზაციას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემებიც, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას არც ისე კომფორტულს ხდის.
სწორედ ამიტომ იაპონიაში დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ქალაქები, რომლებიც ერთდროულად თანამედროვე, ეკომეგობრული და ბუნებასთან შერწყმული იქნება.
ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე რამდენიმე მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყეს. ერთ-ერთ მათგანში კი, პირველი მოსახლეები უკვე ცხოვრობენ.
Fujisawa
Fujisawa იაპონიის ქალაქია, სადაც Panasonic-ის ქარხნის ადგილას სრულიად ახალი უბანი გაშენდა, რომელიც 2 000 ადამიანზეა გათვლილი.
დასახლებაში თითოეულ სახლს საკუთარი მზის პანელი და ენერგიის ჭკვიანი სისტემა აქვს, რომელიც მცხოვრებლებს სახლში ენერგიის რაოდენობის შესახებ ატყობინებს და მისი კონტროლის საშუალებას აძლევს.
Euronews-ის ინფორმაციით, დასახლება ელექტროენერგიას მთლიანად მზის ენერგიიდან იღებს და დამატებით წყაროს არ საჭიროებს.
ეკომეგობრულ ქალაქში დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანებას, პარკებს, სკვერებს, სარბენ ბილიკებსა და ჯანსაღ ცხოვრებას.
დასახლებაში მოძრავი თითოეული ავტომობილი ელექტროენერგიაზე მუშაობს, ავტომობილის დამუხტვა კი ნებისმიერ სახლში შეიძლება.
ამასთან, იაპონიაში მიწისძვრების სიხშირიდან გამომდინარე, დასახლებას სპეციალური ბუნკერი აქვს, სადაც მაცხოვრებლებს დროებით გადასვლა შეეძლებათ.
სტატიის მიხედვით, ბუნკერის ელექტროენერგიით მომარაგება 3 დღე-ღამის გარეშე დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი.