კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმს უდიდესი დარტყმა მიაყენა, რომლის გადალახვასაც წლები დასჭირდება.
ამ დროისთვის პლანეტის ტურისტული ადგილების უმეტესობა დახურულია, თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისიც. მათ შორის ერთ-ერთია მალდივის კუნძულები.
კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, ტურისტებისთვის გასული წლის 15 ივლისიდან გაიხსნა. მალდივის კუნძულებზე შესვლაზე შეზღუდვა არცერთი ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ. ერთადერთი მოთხოვნა ბოლო 96 საათში გაკეთებული PCR ტესტის ცნობაა.
CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში ტურისტებისთვის კიდევ ერთი ულამაზესი კუნძულოვანი კურორტი გაიხსნა, რომელიც 32 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული.
კუნძულს Waldorf Astoria Maldives Ithaafushi ეწოდება და მისი ერთი ღამით ქირაობა 80 000 აშშ დოლარს შეადგენს.
კუნძულზე სულ 3 მდიდრული ვილაა განთავსებული, სადაც დარჩენა ერთდროულად 24 სტუმარს შეუძლია. თითოეულ ვილას საკუთარი საცურაო აუზი და ჯაკუზი აქვს.
გამოცემა წერს, რომ კუნძული გარესამყაროსგან იზოლირებულია, რაც პანდემიის დროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფერო მალდივის კუნძულების ეკონომიკის 2/3-ს შეადგენს, რის გამოც ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტების მიღება დროულად გადაწყვიტეს.