2 დღეში „ენგურჰესი ჩერდება“ - როგორ გააგრძელებს მუშაობას „ვარდნილჰესი“

საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება.

რაც შეეხება „ვარდნილჰესს“, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, ,,ვარდნილჰესი“ ამ პერიოდში მისი სრული სიმძლავრის მხოლოდ ოთხნახევარჯერ ნაკლები ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

,,ენგურჰესის" გაჩერება უნდა მომხდარიყო თებერვალში, თუმცა რომ არ დაგვეკარგა უხვწყლიანი თვე, თარიღი გადმოვწიეთ და გეგმის მიხედვით 20 იანვრიდან 1-ლი მაისის ჩათვლით მოხდება სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ,,ვარდნილჰესს“, ის გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდული სიმძლავრით. რეაბილიტაციის დროს მდინარე ენგურის ძველი კალაპოტიდან შეიძლება წყლის გადაგდება ,,ვარდნილჰესში“. მისი მაქსიმალური გამტარობა არის 100 კუბური მეტრი, რაც დაახლოებით 45 მეგავატის შესაბამისია. ეს არის თითქმის ოთხნახევარჯერ ნაკლები სრულ სიმძლავრეზე, მაგრამ თებერვალ-მარტში ამდენი წყალიც არ იქნება, ველოდებით, რომ იმუშავებს სადღაც 15-20 მეგავატის ფარგლებში. აპრილში კი, 40-45 მეგავატით დაიტვირთება“-აცხადებს მებონია.

მისი თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს და გვირაბის რეაბილიტაციაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება.

"პროექტი რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ენგურის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია. სწორედ ის მოითხოვს გაჩერებას, რადგან წყალი მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი“,-განმარტა ,,ენგურჰესის“ დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. ამ დროის განმავლობაში კი, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს, 400 მლნ/კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება.

თამარ მუკბანიანი