რა მოცულობის ელექტროენერგია დააკლდება ქვეყანას „ენგურჰესის“ გაჩერებით

20 იანვრიდან საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - „ენგურჰესი“ 3 თვით გაჩერდება და მუშაობას მხოლოდ 1-ლი მაისიდან განაახლებს.

ამავე პერიოდში, როგორც „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 4,5-ჯერ ნაკლები ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს „ვარდნილჰესიც“. საერთო ჯამში კი, ქვეყანას ამ 3 თვის განმავლობაში 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება.

უფრო კონკრეტულად, თებერვალი-მარტი-აპრილის პერიოდში „ენგურჰესი“ ყოველთვიურად დაახლოებით 100-დან 150 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაგალითად, 2020 წელს ამ 3 თვეში „ენგურმა“ 391,6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც ჰესების მიერ მთლიანი გენერაციის 20,2%-ია. შარშან თებერვლიდან აპრილის ჩათვლით საქართველოს ჰესებმა სულ 1937.7 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. (წყარო: საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის „ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა)

თუ „ენგურჰესის“ დანაკლისს 4,5-ჯერ შემცირებულ „ვარდნილჰესის“ მაჩვენებელს მივუმატებთ, გამოვა, რომ 2021 წლის თებერვლიდან-აპრილის ჩათვლით მთლიანად ქვეყანას საშუალოდ 415-418 მლნ კვტ/სთ დააკლდება. საანგარიშო პერიოდში შარშან „ვარდნილჰესმა“ 116.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც „ენგურის“ გაჩერების შემთხვევაში 25.8 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდება.

ცნობისათვის, საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია 1-ლი მაისის ჩათვლით მოხდება.