2020 წლის განმავლობაში შესამოწმებლად შერჩეულ 352 თანამდებობის პირიდან მონიტორინგი განხორციელდა 349 დეკლარაციაზე.
მათ შორის შემოწმდა პარლამენტის 4 წევრის დეკლარაცია. მათგან ორის დეკლარაცია დადებითად შეფასდა, ხოლო ორი დაჯარიმდა.
კერძოდ, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული, დადებითად შეფასდა მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრების - დიმიტრი ცქიტიშვილისა და ირაკლი შიოლაშვილის (ყოფილი წევრი) დეკლარაციები. ხოლო დაჯარიმდნენ - ცოტნე ზურაბიანი და ვიქტორ ჯაფარიძე.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ზურაბიანის დეკლარაციის უარყოფითად შეფასების მიზეზი იყო ის, რომ: დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება; საბანკო ანგარიშები და არასწორად არის წარმოდგენილი საბანკო ანგარიში.
რაც შეეხება ვიქტორ ჯაფარიძეს, მისი დეკლარაციის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა რომ - დეკლარაციაში არ არის ასახული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება. ცდომილება იყო დეკლარანტის საბანკო ანგარიშის ნაშთში, არ წარუდგენია მონიტორინგის პროცესში ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაცია, არასრულად წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო დოკუმენტაცია. ცდომილება იყო თანამდებობის პირის ანაზღაურებაში, არ მიუთითა სხვა დაწესებულებიდან მიღებული ანაზღაურება. დეკლარაციაში არ არის მითითებული ერთჯერადი გასვალი, რომლის ოდენობა აღემატება 5 000 ლარს.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ბიუროს მიერ დადებითად შეფასდა 134 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა - 177; გაფრთხილდა - 29; 1- სამართლებრივ ორგანოში გადაიგზავნა და მონიტორინგი შეწყდა - 8 თანამდებობის პირზე, რის მიზეზსაც წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ რიგ შემთხვევაში, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადადგომიდან, მისი დეკლარაციის შერჩევამდე, გასული იყო ერთ წელზე მეტი ვადა, თანამდებობის პირი გარდაიცვალა ან თანამდებობის პირთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ ის საცხოვრებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
ცნობისთვის, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.