მანდარინის ექსპორტმა 17,3 მლნ დოლარი შეადგინა - 3 ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი გავიდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა:

  • რუსეთის ფედერაციაში - 20.5 ათასი ტონა
  • სომხეთი - 7.6 ათასი ტონა
  • უკრაინაში - 5.3 ათასი ტონა

„აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში",-აღნიშნულია ინფორმაციაში.