სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის გზაზე ვერ გადაადგილდებიან, დახმარებას ითხოვენ. თოვისა და ზვავსაშიშრობის გამო ჯვრის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. არსებული ცნობით, სატვირთო ავტომობილების მძღოლები გზის გაგრძელებას უკვე 8 დღეა ვეღარ ახერხებენ. ისინი საკვებისა და სასმელი წყლის მარაგის ამოწურვაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, თოვის გამო, მათ გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების და შესაბამისად, მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობა არ ეძლევათ. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, გზის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებენ.
„დღესაც თოვს ჯვრის უღელტეხილზე, გარემოს ეროვნული სააგენტო არ გვაძლევს უფლებას ზვავსაშიშროების გამო, რომ შევიდეს ტექნიკა და დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ როდის შეგვიშვებენ გზის გასაწმენდად, როგორც კი ზვავსაშიშროება მოიხსნება, მყისიერად შევა ტექნიკა, ტექნიკა ადგილზევეა მობილიზებული, უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით, იქ რა ვითარებაა და რა დრო დასჭირდება გაწმენდით სამუშაოებს. როგორც კი საშიშროება არ იქნება ტექნიკისა და მძღოლებისთვის, რომ შევიდნენ და დაიწყონ გაწმენდითი სამუშაოები, მყისიერად შევლენ გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, გაწმენდენ და გაატარებენ ავტოტრანსპორტის წარმომადგენლებსაც და ბუნებრივია, შემდეგ უკვე სატვირთო ავტომობილებსაც,“- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.