თამარ გაბუნია - სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა. საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან იმ სკოლებს, სადა დღეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„დისტანციური სწავლება და შერეული მოდელი ყველგან მუშაობს და ერთი წუთი არ შეფერხებულა ეს პროცესი, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, ამდენად, იმ სკოლებში, სადაც დღეს აღდგა საკლასო ოთახში სწავლება, მთავარია ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა და სკოლები ამისთვის მომზადებულები არიან. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, პირბადე დღეს არის მაინც მთავარი ინსტრუმენტი და დღეს მივიღეთ ჩვენ კიდევ ერთხელ პროგნოზი ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება თუ მოსახლეობის 95% გაიკეთებს ნიღაბს და მართლაც საოცარი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და სრულად გამოგვიყვანოს ამ ტალღური მიმდინარეობიდან. სკოლაში ეს წესი უნდა დავიცვათ და შემდეგ უკვე, დიდ ქალაქებშიც იმედი გვაქვს, რომ დროულად გვექნება საკლასო ოთახში სწავლების განახლებაზე საუბარი,“- განაცხადა გაბუნიამ.