კლინიკების სიჭარბე, განსაკუთრებით მცირე ზომის კლინიკების სიჭარბე, რომელიც უკავშირდება მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს, არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომ საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპტიმალური უნდა იყოს იმ კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე ცნობილია კლინიკების ძალიან მაღალი მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეობასთან მიმართებაში. ეს იყო კრიტიკის მთავარი საგანი, ვიდრე კოვიდის ეპიდემია დაიწყებოდა, თუმცა, კოვიდის პერიოდში ამან გარკვეული დადებითი როლიც შეასრულა იმგვარად, რომ ჩვენ სწრაფად და მალე მოვახერხეთ საწოლფონდის დიდი რაოდენობის მობილიზება. როდესაც დაუბრუნდება ჯანდაცვის სისტემა ნორმალურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, კლინიკების სიჭარბე და განსაკუთრებით მცირე ზომის კლინიკების სიჭარბე, რომელიც უკავშირდება მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს, არის არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.
მიზანი არის ის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება. თუ დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი, ეს 17 ათასი საწოლი გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში, კლინიკების და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას, უკეთესი სერვისის მიწოდებისთვის და დაზოგოს ადმინისტრაციული დანახარჯი რესურსზე. ეს ფული ბენეფიციარისკენ წავიდეს, პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი“,-აცხადებს გაბუნია.