ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შემუშავდა პლატფორმა ბიზნესის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის, რათა ბაზრებისა და სავაჭრო მოლების გახსნამდე დასაქმებულების ტესტირება მოხდეს.
როგორც ფერაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შემქნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის აქამდე არსებული ყველა პროტოკოლი ძალაში რჩება და ტესტირება იქნება პრევენციისთვის დამატებითი მექანიზმი.
„მიმდინარე კვირაში ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად შევხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს. როგორც იცით, დაანონსებულია, რომ 1-ელი თებერვლიდან მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება. საუბარი გვაქვს მსხვილ ქალაქებზე, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შესაბამისი პლატფორმა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან, ეს არის მარტივი, ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი, მოხდება ტესტირება და შემდგომი პროცესი იქნება 1-ელი თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ეტაპობრივად იგივე მექანიზმებით განხორციელდება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება და ეკონომიკა ეტაპობრივად გაიხსნება“,- განაცხადა ფერაძემ.