მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების პირველი ტესტირება სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ეს იქნება ობიექტების გახსნის წინაპირობა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოხდება მონიტორინგი თუ პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტება კონკრეტულ დაწესებულებებში.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ ტესტირება იანვრის თვეში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო უკვე თებერვლის თვიდან სხვადასხვა მექანიზმზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა შემოვიდეს უკვე კერძო სექტორის მექანიზმები, რომ მათ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ იმისთვის, რომ დაიცვან თითოეული დასაქმებული, მართონ ინფექცია და ტესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება გახსნის წინაპირობა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პლატფორმაზე და მოხდება მონიტორინგი თუ პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტა ამა თუ იმ დაწესებულებაში და ამის საფუძველზე კვოტირება იქნება განსაზღვრული მათ მიმართ და მუდმივი მონიტორინგის მექანიზმებით ჩვენ განვახორციელებთ კონტროლს”, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
გარდა ამისა, ფერაძემ აღნიშნა, რომ მონიტორინგი ხორციელდება ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში არ მიმდინარეობს და რაიმე კრიტიკული დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს განათლების სამინისტროსთან, ჩართულია რესურს ცენტრები. რაიმე კრიტიკული სახის დარღვევა სკოლების გახსნის დღიდან არ დაფიქსირებულა. მონიტორინგს ვახორციელებთ და სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. ვფიქრობთ ასეც გაგრძელდება, რაც მოგვცემს სტაბილურ ეპიდსიტუაციას“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.