„თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა,  გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს -  სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება“

საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობას უკვე ზედიზედ მესამე წელიწადია აჭარბებს. შესაბამისად, 2018 წლიდან მოყოლებული უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა.

უფრო კონკრეტულად, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,306 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც ფულადი გზავნილები 1,579 მლრდ დოლარი იყო. 2019 წელს კი ფულადი გზავნილების მოცულობამ ინვესტიციებს 423 მლნ დოლარით გადააჭარბა. იმ წელს ქვეყანაში განხორციელდა 1,310 მლრდ დოლარის პირდაპირი უხოური ინვესტიცია, ფულადი გზავნილების სახით კი 1,733 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება 2020 წელს, შარშან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 1,885 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა იმის გამო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საბოლოო მაჩვენებელი გამოქვეყნებული არ არის და ცნობილია მხოლოდ 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემი, მას გზავნილების 9-თვიან მაჩვენებელს შევადარებთ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის 3 კვარტალში საქართველოში განხორციელდა 718,9 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 9 თვის ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 1,334 მლრდ დოლარი შეადგინა. გამოდის, რომ მხოლოდ 9 თვეში გზავნილებმა ინვესტიციებს 615 მლნ დოლარით გადააჭარბა. ადვილი საპროგნოზოა, რომ მეოთხე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციები არ იქნება იმ მოცულობის, რომ მან გზავნილებს გადააჭარბოს. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ 2020 წელს გზავნილებისა და ინვესტიციების შორის სხვაობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნას.

„თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა, გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს“, - ასე აფასებს 3 წლიან ტენდენციას "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, როდესაც ქვეყანას სამუშაო ძალა აკლდება, ცუდია, თუმცა, უცხოური ვალუტის შემოდინება ფულადი გზავნილების სახით - კარგი. ამასთან, ქვეყანაში ინვესტიციების კლება, ცალსახად უაყოფითი მოვლენაა.

„პირველი, რის გამოც ეს ბალანსი დაირღვა, არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციები კლების ტენდენციით ხასიათდება, ამის პარალელურად კი, იზრდება ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა. სამწუხაროდ, ისინი ძირითადად მიდიან სამუშაოდ, მათ აქ ჰყავთ ოჯახები, ახლო ნათესავები, შესაბამისად, ეს რეალურად ამ ტიპის გზავნილებია. ის, რომ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და ჩვენთან სამუშაო ძალის პოტენციალი იკლებს, ცალსახად ძალიან ცუდია, თუმცა, გზავნილების მოცულობის ზრდა, კარგია. იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი წყარო, რითაც უცხოური ვალუტა შეიძლება შემოვიდეს. ამასთან, ძალიან ცუდია, როდესაც ინვესტიციების კლების ტრენდი ნარჩუნდება და ლოგიკურია, რომ თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა, გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს. ნორმალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ინვესტიციების მოცულობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ამ ტიპის გზავნილები.

შესაბამისად, ეს ფაქტორი შეიძლება შევაფასოთ, როგორც უარყოფითი მდგომარეობა ეკონომიკისთვის. რაც ყველაზე სამწუხაროა, თუ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მკვეთრად არ შეიცვალა და შესაბამისი პოლიტიკა არ განხორციელდა, ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება. მიუხედავად პანდემიისა, ემიგრაციაში მყოფი ადამიანების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის გზავნილების მოცულობა ისევ გაიზრდება და თუ ინვესტიციები არ გაიზარდა, ეს ბალანსი იქნება დარღვეული“,- ამბობს რამაზ გერლიანი.

ნინი ქეთელაური