თამარ გაბუნიას განცხადებით, 3,9 მლნ ვაქცინის დოზაა საჭირო, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს ჩაუტარდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 3,9 მლნ ვაქცინის დოზაა საჭირო, იმისათვის რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს ჩაუტარდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, სადაც კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის სცენარზე და პროგნოზებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარებს ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.

„რა თქმა უნდა, დეტალურად არის გამოყოფილი ჩამონათვალი. პირველი არის ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 74-მდე. მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას, შემდეგ მოყვება 55-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ მოდის 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს. ამის შემდეგ რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ჯამურად ეს რაოდენობა შეადგენს მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს, ამდენად ვაქცინების საერთო რაოდენობა, რაც ჩვენ დაგვჭირდება ამის მთლიანად მოცვისთვის, არის 3 მლნ 900 ათასი. საკმაოდ დიდი ოდენობაა დოზების და ინტენსიურად უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. პირველი, მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი -მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას. მერწმუნეთ, ბევრი ვაქცინა, რომელიც ემზადება რომ მიიღოს ავტორიზაცია, დაგვეწევა, მოგვცემს საშუალებას ეს ჯგუფები წლის ბოლომდე იყოს მოცული“,-აცხადებს გაბუნია.