„ძალაზე არიან, რომ ხორცის სახელით წყალი მოგყიდონ და მთავრობაც ალბათ, ხელს უწყობს“, - ასე აფასებს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, მთავრობის მიერ, ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერებას.
როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, საერთოდ გაუგებარია აღნიშული კანონის ირგვლივ რა ხდება, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის გადავადდა.
“გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. საერთოდ ვერ გავიგე მაგ კანონის და რეგლამენტის გარშემო რა ხდება. იმიტომ, რომ უკვე მესამედ თუ მეოთხედ გადავადდა. თუ მისაღები არ იყო, რატომ მიიღეს, და თუ მისაღებია, რატომ ავადებენ 2 თვეში ერთხელ?! ალბათ, ჯობდა, რომ ან ცოტა დაგვიანებით ამოქმედებულიყო და აღარ გადაევადებინათ, ან თუ მუღებელია ვინმესთვის, ავდგეთ და გავაუქმოთ საერთოდ! ჩვენც ხომ მორგებულები ვართ ამ რეგულაციებს?! კეთილსინდისიერი იმპორტიორები აკეთებენ შესაბამის ცნობას, ისე შემოაქვთ პროდუქცია, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ადგილობრივ მრეწველობას ხელი ეშლება იმიტომ, რომ იაფფასიანი პროდუქცია შემოდის და რატომ ავადებენ, ნამდვილად ვერ გავიგეთ. ფაქტობრივად, ძალაზე არიან, რომ ხორცის სახელით წყალი მოგყიდონ და მთავრობაც ალბათ, ხელს უწყობს. სხვანაირად ვერ ვხსნი ამ გადაწყვეტილებას. ახლა პანდემიას დააბრალებენ და ეგ რა შუაშია?!“- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
ცნობისთვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო და ის 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა.
როგორც მაშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავდნენ, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
„ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.
რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს,“ - აღნშნული იყო ინფორმაციაში.
დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევიდა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლიდან, ხოლო ნაწილი - 2024 წლიდან შევა.