„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - დაუყოვნებლივ აღსრულდეს ახალი რეგულაცია, თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს

დაუყოვნებლივ აღსრულდეს ახალი რეგულაცია, თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს“, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში” აცხადებენ, ძალიან ბევრ სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმი ხილულად არის განლაგებული.

„2021 წლის 1 იანვრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა.

რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან. დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არაა დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. ასევე, შიდა ხილვადობა არაა აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში, ე.წ. „დუტი ფრი“ ზონაში.

აღნიშნული რეგულაციის მიზანია მოზარდების და ახალგაზრდების თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან დაცვა.

საქართველოში, 2016 წელს, 8-12 წლის ბავშვებში, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ თამბაქოს ნაწარმის დიზაინი განსაკუთრებით მიმზიდველია მოზარდებისთვის და კვების პროდუქტებთან ერთად მათი განთავსება ქმნის ილუზიას, რომ თამბაქოც ერთ-ერთი მათგანი, ანუ აუცილებელი მოხმარების პროდუქტია. ბავშვები დიზაინის საშუალებით იმასაც კი განსაზღვრავენ, თამბაქოს რომელი პროდუქტი რომელი სქესისთვის არის განკუთვნილი.

ცოტა ხნის წინ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ამ ეფექტური რეგულაციის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თამბაქოს ინდუსტრია და მათი ფრონტ ჯგუფები. კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მანიპულირებდნენ, თითქოს ეკონომიკურად კრიზისულ პერიოდში აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება გავლენას მოახდენდა სავაჭრო ობიექტების შემოსავალზე, რაც სრული აბსურდია და შესაბამისად ხელისუფლების არცერთმა შტომ არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრია სავაჭრო ობიექტებს ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას უხდის მათ სივრცეში თამბაქოს სარეალიზაციო თაროების განსათავსებლად. არადა, 2018 წლიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, შესაბამისად, თუ თამბაქოს ინდუსტრია მისი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის რომელიმე სავაჭრო ობიექტს ან სავაჭრო ქსელებს ჯერ კიდევ უკანონოდ უხდის რაიმე სახის თანხას, ეს არის დანაშაული, რისი აღკვეთაც შემოსავლების სამსახურის ვალდებულებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამბაქოს კონტროლის მონიტორინგის ჯგუფმა ამ ეტაპზე, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ზოგიერთ მაღაზიაში კანონის დარღვევები გამოავლინა და აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შემოსავლების სამსახურს.

„შედეგად ვიმედოვნებთ, რომ დამრღვევი სავაჭრო ობიექტები მალე დაიცავენ კანონის მოთხოვნას, რომლის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია სავაჭრო ობიექტისათვის პირველ ჯერზე 2000 ლარია.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად გამოუფენია თამბაქოს ნაწარმი, ლეტალური პროდუქტი, დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი. ვიმედოვნებთ, შემოსავლების სამსახური თამბაქოს კონტროლის კანონის ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევას გამოავლენს და მომავალ თაობებს მომაკვდინებელი პროდუქტისაგან დაიცავს“,-აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.